Thursday, April 22, 2010

ერთი დღით ადრე

იქნებ მე ხვალე მომიწიოს აქედან წასვლა,
იქნებ ხვალ ვნახავ ანგელოზებს, ზეცის ფრთამალებს,
იქნებ ხვალაა ჩემი სულის ხორცთაგან განსვლა
და ხვალ დავიფრენ ჯოჯოხეთში ცეცხლის ტრამალებს.

მაგრამ მანამდე, თუ დროს მომცემ ღმერთო მანამდე!
ფეხზე ჩავიცმევ დავიწყებულ ქართულ პაჭიჭებს,
ჩოხას მოვირგებ, ხმალს ჩავაგებ ქარქაშს ვადამდე,
ავედევნები ბახმაროში ველურ ტაიჭებს.

არ დავიღლები, შევისრუტავ ნისლიან ჰაერს,
შევხედავ მთებზე შემოტმასნულ თოვლ ყაბალახებს,
აჩეჩილ ღრუბლებს, ხევსურული ფაფახის ნაერს,
ხარბად დავსუნავ დაზამთრებულ ნაყარ ბალახებს...

და როცა მედგრად მოვახტები გაოფლილ მუსტანგს
სადავის ნაცვლად შავ ფაფარში ჩავავლებ ხელებს,
ფეხს არ გავუყრი გამოჭედილ მოვერცხლილ უზანგს
და თეთრ ველებზე ცხელ ფლოქვებით დავანთებთ ცეცხლებს!

ჩქარი ჭენებით მოვედებით მშობლიურ მხარეს,
მდუღარ სისხლს ვიგრძნობ გადახეთქილ, მძვინვარ ძარღვებში,
დაღლილ ულაყით დავეშვები, და გამახარებს
როცა გიჟივით შევიჭრებით შავ ზღვის ტალღებში!

ღმერთო, ხვალამდე მე მოვასწრებ სამშობლოს მოვლას,
ოღონდ სიკვდილი ნუ მომაქცევს დღესვე კლანჭებში,
მთელი დღე ვირბენ, ნუ აჩქარებ გაბრიელს მოსვლას
სულ ცოტა ხანი გავჩერდები რაჭის ჭალებში...

თუ მოვესწრები, ამ ერთ დღეში თუ მოვესწრები
ნაზამთრი ქვეყნის ედემისებრ გაბაღნარებას,
მანამდე სანამ შენს განკითხვას შემოვესწრები
აქვე მამაოს ჩავაბარებ ერთ აღსარებას...

და თუ კი მართლა დამანებებ ყველაფრის ნახვას:
კახეთს, აფხაზეთს, გურიას და მშობლიურ ოდიშს,
მაშინ მე გიდებ უცილობლო, გაუტეხ აღთქმას,
ჩემს საქართველოს დაჩოქილი მოვუხდი ბოდიშს!

იქნებ მე ხვალე მომიწიოს აქედან წასვლა,
იქნებ ხვალ ვნახავ ანგელოზებს, ზეცის ფრთამალებს,
იქნებ ხვალაა ჩემი სულის ხორცთაგან განსვლა
და ხვალ დავიფრენ ჯოჯოხეთში ცეცხლის ტრამალებს.





........

No comments:

Post a Comment