Sunday, May 23, 2010

დღეს გილოცავენ რატომღაც ცხრამეტს

ჯერ პატარა ხარ, მაინც ვერ ხვდები,
მხოლოდ 19 წელი გალიე...
კიდევ ბევრ რამეს გადაეყრები,
ცდები, თუ ფიქრობ გული დაძლიე!

სხვა გოგოები ლამაზ ქალობენ,
შენ თავწაკრული ლობიოს არჩევ!
სულელო გოგო, სხვები სწავლობენ -
შენ სახლში ზიხარ და აკვანს არწევ.

გაივლის ხანი და რა გგონია
გაგახსენდება სიტკბოთა წლები?!
შენ ხომ ბავშვობის ხარ აგონია,
ყველაზე მალე მოგწყდება წელი!

გაიხარებენ იცოდე დები
ირბენენ კიდევ ედემის ბაღში,
ყველაზე მალე შენ დაბერდები
პატარა გოგოს გეზრდება ბავშვი.

დღეს გილოცავენ რატომღაც ცხრამეტს
და არ გშორდება თბილი ღიმილი...
ბებო ერქმევა შენს ოცდაცხრამეტს!
და დავიჯერო არ გსურს ტირილი?

დღეს შენ რაღაცით თითქოს ამაყობ,
რომ ჩვილი მალე აიდგამს ენას...
ნეტავი , როგორ ხედავ სამყაროს,
როდესაც შვილი ლუღლუღებს "დედას"

არ იმჩნევ, მაგრამ ვიცი რომ ნანობ,
ვიცი ცრემლებით თვალებს ალორწებ,
როცა ბავშვები ეზოში ვლაღობთ
შენ კი პატარას ძუძუს აწოვებ.

Thursday, May 6, 2010

მაჰილლა

მიწაზე ვდგავარ, შემეკვეცა ოცნების ფრთები
და ცოდვებისთვის თითქოს უკვე აღარც მსჯის ღმერთი,
დასამალავად კალამთანაც მაცვია თეთრი
და გასაჩეხად, აჰა! მზად მაქვს მარცხენა მკერდი!

ჩამოვიცილე როგორც ტკბილი სიცრუე - ლიბრი
ფარ-ხმალის ნაცვლად დასაგდებად ვუყურებ კალამს,
გაქრა პაოლო, პირამიდის თეთრი ვერლიბრი,
ვერ აფრიალებს ნელი სიო ცეცხლისფერ ალამს.

გადღაბნილ ღიმილს შევაგებებ რითმების სალამს,
გავარღვევ ბადეს, ჩემს თვალებთან გაწოლილ სამანს,
მოცარტი - ნოტებს, რაფაელი მოისვრის ყალამს...
დროების რკალი ჩემ გარშემოც შემოკრავს ალყას.

მეც, ჩემს მაჰილლას გავაყოლებ ცრემლიან ქარებს
და როგორც წამებს - ჩემ მახლობლად ჩაფრენილ რაშებს
ჩვევია - ისე, მეც მიწაზე დავიწყებ თარეშს.

უბადრუკ რწმენას დავატოლებ კვლავ მდოგვის მარცვლებს
და ჩამქოლავენ ალბათ ისევ კათაკმევლები
მაგრამ უფალო! ვიცი შევძლებ რასაც მავალებ!
სანამ ფერფლებად დედამიწას გადავევლები.



6 maisi 2010