Thursday, April 22, 2010

ერთი დღით ადრე

იქნებ მე ხვალე მომიწიოს აქედან წასვლა,
იქნებ ხვალ ვნახავ ანგელოზებს, ზეცის ფრთამალებს,
იქნებ ხვალაა ჩემი სულის ხორცთაგან განსვლა
და ხვალ დავიფრენ ჯოჯოხეთში ცეცხლის ტრამალებს.

მაგრამ მანამდე, თუ დროს მომცემ ღმერთო მანამდე!
ფეხზე ჩავიცმევ დავიწყებულ ქართულ პაჭიჭებს,
ჩოხას მოვირგებ, ხმალს ჩავაგებ ქარქაშს ვადამდე,
ავედევნები ბახმაროში ველურ ტაიჭებს.

არ დავიღლები, შევისრუტავ ნისლიან ჰაერს,
შევხედავ მთებზე შემოტმასნულ თოვლ ყაბალახებს,
აჩეჩილ ღრუბლებს, ხევსურული ფაფახის ნაერს,
ხარბად დავსუნავ დაზამთრებულ ნაყარ ბალახებს...

და როცა მედგრად მოვახტები გაოფლილ მუსტანგს
სადავის ნაცვლად შავ ფაფარში ჩავავლებ ხელებს,
ფეხს არ გავუყრი გამოჭედილ მოვერცხლილ უზანგს
და თეთრ ველებზე ცხელ ფლოქვებით დავანთებთ ცეცხლებს!

ჩქარი ჭენებით მოვედებით მშობლიურ მხარეს,
მდუღარ სისხლს ვიგრძნობ გადახეთქილ, მძვინვარ ძარღვებში,
დაღლილ ულაყით დავეშვები, და გამახარებს
როცა გიჟივით შევიჭრებით შავ ზღვის ტალღებში!

ღმერთო, ხვალამდე მე მოვასწრებ სამშობლოს მოვლას,
ოღონდ სიკვდილი ნუ მომაქცევს დღესვე კლანჭებში,
მთელი დღე ვირბენ, ნუ აჩქარებ გაბრიელს მოსვლას
სულ ცოტა ხანი გავჩერდები რაჭის ჭალებში...

თუ მოვესწრები, ამ ერთ დღეში თუ მოვესწრები
ნაზამთრი ქვეყნის ედემისებრ გაბაღნარებას,
მანამდე სანამ შენს განკითხვას შემოვესწრები
აქვე მამაოს ჩავაბარებ ერთ აღსარებას...

და თუ კი მართლა დამანებებ ყველაფრის ნახვას:
კახეთს, აფხაზეთს, გურიას და მშობლიურ ოდიშს,
მაშინ მე გიდებ უცილობლო, გაუტეხ აღთქმას,
ჩემს საქართველოს დაჩოქილი მოვუხდი ბოდიშს!

იქნებ მე ხვალე მომიწიოს აქედან წასვლა,
იქნებ ხვალ ვნახავ ანგელოზებს, ზეცის ფრთამალებს,
იქნებ ხვალაა ჩემი სულის ხორცთაგან განსვლა
და ხვალ დავიფრენ ჯოჯოხეთში ცეცხლის ტრამალებს.





........

Saturday, April 17, 2010

ნაყინი

გაჩერებაზე იდგა პატარა
ჰქონდა ნაყინი, გული ალალი
იდგა დაღლილი ღმერთის ამარა,
დასთამაშებდა ოქროს დალალი.

თითებს ახვევდა სხივის ჰამაკში,
თვალებს ხვდებოდა სინათლის მუშტი
მას ახარებდა მზესთან თამაში
და მოფარფატე ფერადი ბუშტი.

მეც პატარასთან ვიდექი მუნჯად
ხარბად ლოკავდა ყავისფერ ნაყინს,
გადაქცეოდა ლოყები ფუნჯად,
ეთხუპნებოდა ღაწვები მაყვლის.

და ხარხარებდა უგონოდ ბავშვი,
რომ სხივი თავზე დასაყრელია
და სიხარულით იძახდა ხალხი:
''საყვარელია, საყვარელია!"

მომინდა მასთან სიცილი მზეზე,
რამ გამაჩერა? ალბათ შიშია,
თორემ უთუოდ იტყოდნენ ჩემზე:
"მგონი გიჟია, მგონი გიჟია!"

უცბად გაჩერდა ქვეყნიერება
როდესაც გამვლელს მხარი გაეკრა
და შოკოლადის ბედნიერება
მტვრიან და ბინძურ ასფალტს გაერთხა.

სიჩუმე, დუმილი! შესცქერის მიწას -
გზა უგრძნობია, მტკიცე ვით გრდემლი!
მშობელის რჩევას ის ვეღარ იცავს,
ნაღვერდალივით აწვება ცრემლი.

რა გაამთელებს ახლა მის ნატკენს?
ქალაქი გიჟს ჰგავს და დაიყვირებს:
გაჩუქებთ ნაყინს, ტკბილეულს, კანფეტს!
ოღონდ პატარავ შენ ნუ იტირებ!

...

ალბათ გარშემო საუბრობს ხალხი,
რომ ახალი აქვს რაღაც ნაყიდი...
როცა თბილისის მხურვალ ასფალტზე
კაკაოსფერი დნება ნაყინი

17 აპრილი, დღევანდელია, დიდი არაფერი, მაგრამ მაინც! ეს უნდა დამედო