Monday, July 19, 2010

სურათი ფანტაზიიდან

მიგებდა მახეს,თავიდანვე მიგებდა მახეს,
როცა ყმაწვილურ ცხელი სისხლით სხეულს ავსებდა,
იაფფასიან პარფიუმით მოხატულ სახეს
მაცდური ქალის სილამაზეს მიამსგავსებდა.

გავოცდით, როცა მოწყალება ითხოვა ჩვენგან,
"მშვენიერებაც მათხოვრობსო ამ დამპალ დროში"
წამოიძახა ეს სიტყვები გარშემო ყველამ,
მაშინ ჯიბეში ვერ იპოვა ვერავინ გროში!

და გამვლელებმა გააგრძელეს კვლავ სიარული
მას, როგორც ბალახს, ცვარი ჰქონდა ხორკლიან კანზე
მომესმა ხალხის ჟრიამული, როდესაც გოგომ
უემოციოდ გაიხადა ოფლიან ტანზე.

მერე ის ვნებით მოგვაშტერდა - ბგერები მორჩა!
სუნთქვა შეიკრა ქვეყანაზე და მხოლოდ ერთი
ისმოდა, რომ მან ოცი თეთრი შეგვთხოვა, როცა
გამოუცდელი მეძავივით გვიჩვენა მკერდი.

მეგონ ახლა ღმერთსაც სძულდა პური და თევზი,
თითქოს ვულკანებს აერიათ დამცხრალი გული,
მეგონა ახლა მეხს გაისვრის მძინარე ზევსი,
არც მიფიქრია! რა წყალობა.. რომელი ფული?!

როცა დუმილი ამქვეყნიურ ყველა ზღვარს გასცდა
ბინძურ ხურდების მენდელსონმა დაიწყო ცვენა;
ჩაავლო ხელი დაობლებულ ტილიან ძმას და
როლში ჩარჩენილ მსახიობად დატოვა სცენა.



8 ivlisi

No comments:

Post a Comment